Belive

სამიდან სამი გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი ფინეთი დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა 

3 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლას დამაჯერებლად აგრძელებს. ფინეთის ქალაქ ესპოში გამართულ მესამე ტურის შეხვედრაში ილიას ზუროსის შეგირდებმა "ბაბლის" მასპინძელი ნაკრები - 91:85 დაამარცხა. რჩეული ქართველი კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა 2020 წელს საწყისი სამიდან სამივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. მიმდინარე, რთული წელი საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ჯერ კიდევ სავსე ტრიბუნების წინაშე, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო და იქ შვეიცარიას ოვერტაიმში აჯობა, მერე კი სენსაცია მოახდინა და კალათბურთში ისეთ ძლევამოსილ ნაკრებს, როგორიც სერბეთია, მათსავე არენაზე, ბელგრადში მოუგო. პანდემიის შემდეგ, პირველი შეხვედრა საქართველომ გადახალისებული შემადგენლობით, თუმცა ორი მთავარი ლიდერის თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის მონაწილეობით ჩაატარა და ფინეთს საკმაოდ დაძაბულ დაპირისპირებაში სძლია. პირველ ნახევარში ქართველთა უპირატესობა გამოიკვეთა, რაც განსაკუთრებით მეორე მეოთხედში ჩვენი გუნდის 10-ქულიან გაქცევას მოჰყვა. ანგარიშში დაწინაურების ორი მთავარი განმაპირობებელი სწორედ ზემოთხსენებული ლიდერები გახლდნენ. საბოლოოდ, საქართველომ პირველ ნახევარში ოთხქულიანი უპირატესობით - 44:40 იმარჯვა.
No description available.
მეორე ნახევარში პარკეტზე მასპინძელთა განსხვავებული ნაკრები დაბრუნდა, რომელმაც სათამაშო სცენარის სათავისოდ შემობრუნება მოახერხა. მესამე პერიოდში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ფინელებმა ჯერ შვიდქულიანი ჩამორჩენა დაქაჩეს, მერე კი 6 ქულით წინაც გაიჭრნენ. ამაში ყველაზე დიდი წვლილი სასუ სალინს მიუძღვის, რომელმაც ჩვენი ფარის სამქულიანებით დაბომბვა მოახერხა, საბოლოოდ კი თავი 22 ქულას მოუყარა. საბედნიეროდ, ილიას ზუროსის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილებების, შენგელია-შერმადინის ლიდერული უნარ-ჩვევებისა და მაღალი შედეგიანობის, ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა, 22 წლის ალექსანდრე ფევაძის გამორჩეულად კარგი თამაშის მეშვეობით, საქართველოს ნაკრებმა გონს მოსვლა და გამარჯვების ხელიდან არ გაშვება დროულად მოახერხა. დაძაბული ბოლო პერიოდის შემდეგ, შეხვედრის უკანასკნელი წამები ქართველებმა დამაჯერბეელი უპირატესობით ჩაატარეს და მატჩის 6-ქულიანი სხვაობით მოგებაც მოახერხეს.
No description available.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახლდათ, რომელმაც 22 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, მის აქტივში 3 შედეგიანი გადაცემაც იყო. ჩვენი გუნდის რიგებში ორმაგი დუბლით კიდევ ერთი მოთამაშე გამოირჩა - თედ მაქფადენმა საქართველოს  14 ქულა, 10 ზუსტი პასი და 3 მოხსნა შესძინა. ნატურალიზებულმა ამერიკელმა პარკეტზე ყველაზე დიდი დრო - 34:33 წუთი გაატარა. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეხვედრა 19 ქულით, 8 მოხსნით და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
No description available.
სამიდან სამი მოგებით საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი პოზიცია უკავია, თუმცა სატურნირო მდგომარეობას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან 2022 წელს ევრობასკეტს თბილისი უმასპინძლებს და ჩვენი გუნდი იქ მონაწილეობას მასპინძლის სტატუსით მიიღებს. შემდეგი მატჩი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს კვლავ "ესპო მეტრო არენაზე", შვეიცარიის წინააღმდეგ, 30 ნოემბერს ელის.

სხვა სტატიები