Belive

არ წაიკითხო, თუ არასდროს გაგიგია ფეხბურთელი, სახელად მესი

2 წლის წინ ფეხბურთი
11 წთ

შევეცდები გამოვიცნო: არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად ერკვევი სპორტში. არც შენს ასაკს აქვს მნიშვნელობა და არც შენს სპორტულ გემოვნებას — ამ სტატიას კითხულობ და მესის შესახებ ერთხელ მაინც გსმენია. მეტიც, შეიძლება გუნდის სახელს ზეპირად ვერ იხსენებდე, მაგრამ საკმარისია რამდენიმე სავარაუდო ვერსია ჩამოგითვალო და როგორც კი „იმ ერთზე“ მივალ, გამაჩერებ — ბარსელონა, ბარსელონა!

ამაში გასაკვირი არაფერია. ფეხბურთი სპორტების მეფეა. მას დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების ნახევარი, 3.5 მილიარდი უყურებს და რახანია უცვლელად იკავებს მსოფლიოს პირველი სპორტის საპატიო ადგილს.

ფეხბურთი საკლუბო და სანაკებოდ შეგვიძლია დავყოთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ — იმის გამო, რომ საკლუბო ფეხბურთის მთავარი ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა ყოველწლიური ტურნირია, ეს სპორტი მისი საკლუბო ვერსიით ცხოვრობს ჩვენს ყოველდღიურობაში.

ახლა ამ საკლუბო ფეხბურთში კიდევ ორი კლუბია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული: მადრიდის რეალი და ბარსელონა ან რეალი და ბარსა, როგორც მათ უფრო ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე. (ამ დროისთვის რეალ მადრიდისა და ბარსელონას სოციალური მედიის გვერდების გამომწერთა საერთო რაოდენობა 300–300 მილიონის ფარგლებში ტრიალებს და შედარებისთვის, ამ სიის მესამე ადგილზე მყოფ მანჩესტერ იუნაიტედს დაახლოებით 150 მილიონი ადამიანი მიჰყვება სოცქსელებში).

ჰოდა წარმოიდგინე: სპორტების მეფის სასახლეში, საფეხბურთო კლუბებს შორის ორ ყველაზე პოპულარულ კლუბში, ორი ისეთი ადამიანი თამაშობდა, რომელთა მსგავსი ფეხბურთში კი არა, ზოგადად სპორტშიც იშვიათად იბადებიან და რომლებიც სამართლიანად იწოდებიან კიდეც ლეგენდებად. რონალდუსა (ვიცი, რონალდო უფრო დამკვიდრდა, თუმცა როგორც ბრაზილიის გულშემატკივარს, არ შემიძლია ო-ზე დაბოლოებული ეგ სახელი კიჭას გარდა ვინმეს დავუძახო) და მესიზე ლაპარაკობს სამყარო, ვერ თანხმდებიან ფანები და ღმერთს მადლობას სწირავენ უბრალო გულშემატკივრები — ყველას არ აქვს ეპოქალური ფეხბურთელების კარიერისთვის თვალის დევნების ფუფუნება.



დატოვა  არა საკუთარი ნებით. დატოვა კლუბის გადაწყვეტილებით, რომელიც, როგორც თვითონ თქვეს, მათთვისაც არასასურველი, მაგრამ გარდაუვალი იყო. დატოვა ისე, რომ კონტრაქტის განახლებაზე ხელმოსაწერად კატალონიაში ჩასულმა, გუნდის ოფისში მისვლისას გაიგო ეს ამბავი. დატოვა მაშინ, როცა კარიერის პიკში, სულ რამდენიმე დღის წინ პირველი დიდი სანაკრებო ტიტულიც მოიგო და გუნდში დაბრუნებულს იქ თანამემამულე კუნ აგუეროსთან ერთადაც უნდა ეცადა თამაში.

ბარსელონა ძირითადად “თავის მართლების” რეჟიმშია. მისი პრეზიდენტი, ლაპორტა ამბობს რომ კლუბსაც და ფეხბურთელსაც კონტრაქტის გაგრძელება ძალიან სურდათ. ამ სურვილს კლუბის ინტერესებს უპირისპირებს და გვეუბნება, რომ ლეგენდის შენარჩუნება შეუძლებელი იყო. ლეგენდარული კლუბის თავკაცი ამ ყველაფერს ლა ლიგას (ესპანეთის შიდა საფეხბურთო მთავარი ჩემპიონატი) ფინანსური რეგულაციებით ხსნის და ამბობს „მთელი ამ მოლაპარაკებების შემდეგ დგება დრო, როცა უნდა გაჩერდე და თქვა, რომ „საკმარისია“. ყველაფერი უნდა გააანალიზო და რიცხვებს შეხედო.“ აქვე სძენს: „მე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს გადაწყვეტილება ბარსელონას საუკეთესო ინტერესებშიაო“.

მიხვდი, ხომ როგორი ამბავია?

მიხვდებოდი. ის კი არა, ბევრ ადამიანს ამ ამბავმა თავზარი დასცა — ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამბის სინამდვილის გადასამოწმებლად, გულშემატკივრებმა გუნდის ოფიციალური ვებგვერდი წალეკეს და ამ უკანასკნელმაც ვერ გაუძლო — კარგა ხანს გათიშული იყო.

საოცრად მნიშვნელოვანი სიახლეა ბარსელონასნაირი უდიდესი, ისტორიული ბრენდისთვისაც კი. ეს უბრალოდ ერთი ფეხბურთელის მეორე კლუბში გადასვლის (ან სულაც დროებით უკლუბოდ დარჩენის) ამბავი კი არა, ეპოქის ცვლილებაა, ბრენდის ერთი უმყარესი დედაბოძის გამოცლა.

ახლა ჩემს პროფესიასთან უფრო ახლოს მიჩოჩების დროა. შეიძლება უკვე იცით, ნებისმიერი მოვლენის ბრენდინგის ჭრილში შეხედვა რომ მიყვარს ხოლმე.

აღნიშნულმა ამბავმა ფეხბურთის ჩემზე ბევრად უკეთ მცოდნეებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გაგიკვირდებათ და ისეთებიც არიან (რა თქმა უნდა უმეტესად არა ბარსელონას გულშემატკივრებში), ვინც გუნდის ამ გადაწყვეტილებას ამართლებს კიდეც — კლუბის პრეზიდენტს სხვა გზა არ ჰქონდა. კლუბი უნდა გადაერჩინაო. დასტურად რიცხვებიც მოჰყავთ და თავის დასამშვიდებლად ლაპორტასვე სიტყვებს იშველიებენ:

„ბარსელონასთვის ახალი ერა იწყება. აუცილებლად იარსებებს მესიმდე და მესის შემდეგ ეპოქა, ისევე, როგორც ბარსელონას სხვა, დიდი ფეხბურთელების შემთხვევაში“.



ვერ შეეწინააღმდეგები. ბარსელონაში ბევრ უდიდეს ლეგენდას უთამაშია და კლუბი მათი წასვლის შემდეგაც მუდმივად ახერხებდა ყურადღებისა და მიღწევების ზენიტში ყოფნას. მითუმეტეს, რომ ბარსას ახალი თაობა საკმაოდ იმედისმომცემია — მხოლოდ პედრი რად ღირს, ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, დაუღალავი ბიჭი.

მაგრამ

მე მაინც მგონია, რომ არსებობს რაღაცები, რაც არცერთი ეკონომიკური კრიზისით არ აიხსნება. იმიტომ კი არა, რომ ფული უმნიშვნელოა. ბრენდინგი უპირველესად შემოსავლების გრძელვადიანი, მდგრადი ზრდისთვის აუცილებელი დისციპლინაა და ჩემი აზრით ამ შემთხვევაშიც, საქმე ზუსტადაც რომ პირიქითაა.

ნებისმიერი ბრენდი, უპირველეს ყოვლისა, პროდუქტით იწყება. პროდუქტი ბრენდის ყველაზე მთავარი შეხების წერტილია და მას თავისი სასიცოცხლო ციკლი აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, პროდუქტი სიცოცხლეს ბაზარზე წარდგენის ფაზიდან იწყებს. შემდეგ იზრდება (Growth stage), ღვინდება (Maturity) და ნელ-ნელა იწყებს კლებისკენ (Decline) წამოსვლას. ამ ეტაპებზე ბრენდის გაყიდვები ზუსტად ისე იზრდება და იკლებს, როგორც სურათზეა ნაჩვენები. დაღვინება პიკია, ამის მერე პროდუქტის ფასი ეცემა ან/და გაყიდვების რაოდენობა იკლებს.



პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის სწორი მართვა საკმაოდ დიდი ფილოსოფიაა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ყველგან, აქაც არსებობს მზა, დაწერილი სტრატეგიები რომელსაც მარკეტერები მიჰყვებიან ხოლმე:

წარდგენისას პროდუქტის მარკეტერის მოვალეობა მომხმარებელზე დაკვირვება და მისი კარგად შესწავლაა. ზრდისას ფოკუსი მომხმარებელთან ურთიერთობების აშენებაზე გადადის. სიმწიფეში ძირითადი მიზანი მომხმარებლის შენარჩუნებაზე ზრუნვაა, ხოლო კლებისას მთავარი ფუნქცია პროდუქტის კარგად გადააზრება, ცვლილებები, პროდუქტის მოკვლა ან არსებული პროდუქტის გადახალისებაა. სწორედ ამ უკანასკნელის გამო არსებობს ტერმინი life-cycle extension — პროდუქტის სიცოცლის გახანგრძლივება.

ჩემი დაკვირვებით (რა თქმა უნდა, ეს ჩემი, როგორც რიგითი გულშემატკივირისა და ასევე რიგითი მარკეტერის დაკვირვება და გონივრული (ან შეიძლება საკმაოდ უგუნური) ეჭვებია და ვინაიდან რიცხვებით არაა გამყარებული, არც მის ჭეშმარიტებაზე ვდებ თავს) და ზემოთაღწერილი მიზეზების გამო, მიუხედავად თავისი ასაკისა, მესის 2 სეზონი მაინც აშორებდა კლების ფაზამდე. თუმცა, ასეც რომ არ იყოს და რიცხვები ამ აზრს აბათილებდნენ, არ შემიძლია კლების ფაზაში მყოფი მესის, როგორც საფეხბურთო პროდუქტის ანალიზში სიზარმაცის ნიშნები არ დავინახო, რადგან ბარსელონას პროდუქტ მენეჯერების პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანის უფლება, აბა მე ვინ მომცა.


messi-barcelona-1024x683


აკი ვთქვი, კლების ფაზაში ყველაზე კარგი, რაც პროდუქტის მარკეტერს შეუძლია, შეთავაზების განახლება, პროდუქტის სიცოცხლის გახანგრძლივებაათქო. ჰოდა პოპულარობისა და მისი სპორტული წონის გათვალისწინებით, მომკალით და მგონია: ამ პროდუქტის რეინკარნაციისთვის საკმარისზე მეტი ადგილი იყო დარჩენილი. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, კოპა-ამერიკას მოგების შემდეგ მესიც ორია: საკლუბო ფეხბურთის ლეგენდობასთან ერთად, ახლა მანდ ყველაზე დიდ კრიტიკოსსაც კი დაუმტკიცა სანაკრებო სიდიადეც. მე იმასაც გავითვალისწინებდი, რომ გუნდში პარტნიორად თანამემამულე აგუეროს მოყვანის შემდეგ, მესის, როგოც ბრენდ ბარსელონას ერთ-ერთი უდიდესი შეთავაზების განახლება უკვე დაწყებულიც იყო.

მესი კოკა-კოლაა, რომელის გარეშეც არც ფანტა იფანტებს და არც სპრაიტი ისპრაიტებს. მესი პროდუქტია, რომელიც უნდა გქონდეს, რაოდენ დოტაციასაც უნდა ითხოვდეს. პროდუქტი, რომლის კაპიტალიც ბრენდის განახლების პროცესისთვის შეფასებელი შეიძლება იყოს.



კიდევ ერთხელ ვიტყვი: მაინც მგონია, რომ მესი მესია და არსებობს რაღაცები, რაც მხოლოდ მოკლევადიან რიცხვებში არ უნდა წყდებოდეს. დიდი ბრენდობაც ამაშია. მიიღო გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება მოკლე ვადაში ფინანსურ ზიანს გაყენებდეს, მაგრამ გრძელ ვადაში რეპუტაციის და ხანდახან იმიჯის შესანარჩუნებლად იყოს აუცილებელი. მითუმეტეს, რომ ბოლო ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კლუბის სასპონსორო კონტრაქტებში მესის პუნქტი ცალკე იყო ჩაწერილი და დიდი შანსია, ამ გადაწყვეტილების გამო, ბარსელონამ სასპონსორო შემოსავლების 50%-მდე დაკარგოს და არც დაკარგული მაყურებლების რაოდენობა იქნება ალბათ შეუმჩნეველი.

მესი ბარსელონას მასკოტი, თილისმა, სიმბოლოა. ის და ბარსელონა იმ დროს დაუკავშირდნენ ერთმანეთს, როცა ჩვენი ის მეგობრები დაიბადნენ, რომელთაც წელს ან შარშან დაამთავრეს უნივერსიტეტი.

ჩვენ გვყავს ერთი სრულფასოვანი თაობა, რომლისთვისაც სიტყვებს „მესი“ და „ბარსელონა“ ცალ-ცალკე არ უარსებია.

ტყუილად არ წერს რიან ოჰანლონი ჯურნალ GQ-ში: პირდაპირი მნიშვნელობით, „მესი ბარსელონაში“ თანამედროვე ფეხბურთის ისტორიააო“. მოდი და ნუ დაეთანხმები.

ბარსელონას კიდევ ერთმა ლეგენდამ, სამოელ ეტოომ, 2005 წელს, თავის მეგობარს, ფეხბურთის კიდევ ერთ ლეგენდას ვიეირას უთხრა: “შეხედე იმ 18 წლის გნომს, საშინელი ვარცხნილობით და გამჭირვალი კანით. ერთ დღესაც მოგეჩვენება, რომ მესიმდე ნებისმიერი ფეხბურთელი უბრალოდ სხვა სპორტს თამაშობდაო”

არც კი ვიცი, როგორი იქნება მესი ბარსელონას და ბარსელონა მესის გარეშე.


სტატიის ავტორი: შოთა ჩინჩალაძე, თანმიმდევრული ბრენდინგისა და სტრატეგიის კონსულტანტი.

სხვა სტატიები