Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩის მე-18 დიდი სლემის ტიტული

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუს დანილ მედვედევს სამ სეტში 7:5, 6:2, 6:2 მოუგო. შეხვედრა 1 საათსა და 54 წუთს გაგრძელდა. "ნოლემ" კარიერაში მე-18 დიდი სლემის ტიტული მოიგო. ჯოკოვიჩმა პირველი სეტი აქტიურად დაიწყო და სამი გეიმის შემდეგ 3:0-ს იგებდა, თუმცა მედვედევმა თამაშის გამოსწორება და ანგარიშის გათანაბრება შეძლო. 6:5-ზე ჯოკოვიჩმა სამმაგი სეტბოლი გამოიმუშავა და მე-2 ბრეიკით სეტი 7:5 მოიგო. დარჩენილ ორ სეტში სერბ ჩოგბურთელს გამარჯვებულის ვინაობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია, ჯოკოვიჩი ბოლომდე დომინირებდა. მე-2 სეტი მედვედევმა ბრეკით დაიწყო, თუმცა შემდეგ ზედიზედ 4 გეიმი დათმო, საბოლოოდ კი სეტი 6:2 წააგო. მე-3 სეტში ბრძოლა დიდად არ შედგა - ჯოკოვიჩმა საქმე გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანა და მე-3 სეტიც მეორის მსგავსად 6:2 მოიგო.
 
ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეცხრედ მოიგო, სულ კი ჯოკოვიჩს კარიერაში უკვე 18 დიდი სლემი აქვს მოგებული. ამ მაჩვენებლით მსოფლიოს პირველი ჩოგანი მხოლოდ რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს ჩამორჩება, ამ ორ ლეგენდარულ ჩოგბურთელს 20-20 დიდი სლემი აქვთ მოგებული. ცნობისთვის, დანილ მედვედეს კარიერის მანძილზე ჯერჯერობით დიდი სლემის ტურნირი არ აქვს მოგებული. ავსტრალიაში გამოსვლის წყალობით მედვედევი პირველად კარიერაში მსოფლიოს მე-3 ჩოგანი იქნება.  

სხვა სტატიები