Belive

ბასილაშვილი დამარცხდა | დოჰას ესპანელი ჩემპიონი ჰყავს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
კატარის დედაქალაქ დოჰაში 250-ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი იმართება.  2021 წელს, დოჰას ტურნირის ტრიუმფატორი, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა, რომელმაც ტურნირის მიმდინარეობისას როჯერ ფედერერიც დაამარცხა. 2022 წლის კატარულ ტურნირზე ნიკამ სამი მეტოქე - იმერი, ფუქსოვიჩი და რინდერკნეში დაამარცხა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. საყურადღებოა, რომ მსგავსად 2021 წლის დოჰას ტურნირის, ფინალურ ეტაპზე ნიკოლოზის მეტოქე, წლევანდელ ტურნირზეც - რობერტო ბაუტისტა აგუტი გახლდათ. ესპანელი ჩოგბურთელის ბრწყინვალე ფორმაში ყოფნა, გახდა იმის წინაპირობა, რომ ექსპერტებმა წყვილის ფავორიტად სწორედ ის დაასახელეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაუტისტა აგუტი დოჰას ტურნირის გასული წლის ფინალისტია და ამასთან ერთად 2019 წელს კატარული ასპარეზის ტრიუმფატორიც სწორედ ის გახდა.

ფინალურ ეტაპზე ბასილაშვილი როგორც პირველ, ასევე მეორე სეტში ბრეიკით იგებდა, თუმცა ესპანელმა ოპონენტმა ორივე შემთხვევაში სეტი საკუთარ აქტივში მიითვალა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:3; 6:4, რობერტო ბაუტისტა აგუტის სასარგებლოდ. რობერტო ბაუტისტა აგუტმა დოჰას ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო. ნიკოლოზ ბასილაშვილს განახლებულ რეიტინგში 100 ქულა დააკლდება, ვინაიდან ფინალში გასვლით 250 დასაცავი ქულიდან, 150-ის დაცვა მოახერხა.

სხვა სტატიები